სავიზო რეჟიმის გაუქმებას წულუკიანი "სამართლიან" გადაწყვეტილებად აფასებს

სავიზო რეჟიმის გაუქმებას წულუკიანი "სამართლიან" გადაწყვეტილებად აფასებს

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი შეფასებით, ვლადიმერ პუტინის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის "სამართლიანი და სასიკეთოა". მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო.

შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.

მთავარი არის ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს და მივესალმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა", - ამბობს წულუკიანი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.