კობახიძე სავიზოს გაუქმებაზე: სასჯელი იყო დაწესებული მილიონამდე ადამიანისთვის, დღეს მოიხსნა

კობახიძე სავიზოს გაუქმებაზე: სასჯელი იყო დაწესებული მილიონამდე ადამიანისთვის, დღეს მოიხსნა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს "სანქცია" მოუხსნა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა და ასე შეაფასა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხზე განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია - ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად, სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია 2019 წელს და დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის ამ სანქციის მოხსნა, ანუ გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებელ ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა.

ამაზე ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს - ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია. ჩვენ დათვლილი გვაქვს რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის და მაგალითად, თუ შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10% ეკონომიკური ვარდნა, 10-დან 18%-მდე", - განაცხადა კობახიძემ.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.