ISFED: ოცნებასთან დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარამდე მიიღო

ISFED: ოცნებასთან დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარამდე მიიღო

სამართლიანი არჩევნების მოკვლევის თანახმად, ქართულმა ოცნებამ 2019-2025 წლებში ონლაინ მედიის 22 კომპანიას ჯამში 1 503 708 ლარი გადაუხადა.

ინფორმაცია ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით მოიკვლია.

ISFED წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

მოკვლევის თანახმად, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ. 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1 159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა.

ISFED წერს, რომ ქართული ოცნების ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: ქართული ოცნების პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.

  • „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის კომპანიების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა. დაფინანსების 4% მიღებული იქნა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან, ხოლო 17% დაფინანსებული იქნა საჯარო უწყებების საკუთარი შემოსავლების მეშვეობით;
  • საინფორმაციო სააგენტო ნიუსჰაბის მფლობელმა შპს პირველმა 2024–2025 წლებში სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია.
  • დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში. ძირითადად „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი ნარატივების გასავრცელებლად ნიუსჰაბის (2020 წლის 25 ნოემბრამდე - „Pia.ge - ახალი ამბები“) ფეისბუქგვერდზე 2020-2025 წლებში 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 1,721 პოლიტიკური რეკლამაც განთავსდა;
  • დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა.

ISFED-ის მოკვლევა - სრულად