
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს კვირის ბოლომდე შეიტანენ. ის ამბობს, რომ სიაში 10-მდე პარტია იქნება.
"გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, რომ სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, სია და იქ გაიგებთ ყველაფერს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
***
16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.
ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.
ახალი ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვეში მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეში.