
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ფორმულას ჟურნალისტებსა და წამყვანებს - ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილს, რომლებსაც სასამართლომ, გზის გადაკეტვის მიზეზით, 6 და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, "პარტაქტივს" უწოდებს.
ის "პარტაქტივს" ასევე უწოდებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს.
ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში "არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი" და ამტკიცებს, რომ ქეთა ციცქიშვილისა და ვახო სანაიას წინააღმდეგ სასჯელი - "უაღრესად, ზე პროპორციულია".
"არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ხომ? ეს არის კანონდარღვევა. უაღრესად პროპორციულია [სასჯელი], ზე პროპორციულია", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ის ტელეკომპანია ფორმულასაც "მთლიანად პარტაქტივს" უწოდებს.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, გაგრძელდება თუ არა მედიის წარმომადგენლების დაკავების პრაქტიკა, ქართული ოცნების პრემიერი პასუხობს:
"არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, მარტო პარტაქტივისტები არიან დაჭერილი, ნაცები. ყველა [მზია ამაღლობელი, ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი] არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივი და ისინი, როგორც პარტაქტივისტები ისე არიან დაჭერილი. [...] რომელი ჟურნალისტები არიან ესენი? პარტიულ ტელევიზიაში მუშაობს პარტაქტივი - მარტივად არის საქმე", - ამბობს ის.