
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 12:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 17.15%-ია.
ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი კვლავ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 158 675 ამომრჩეველი იყო მისული - 15.8%.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 17.72% იყო - 619 562 ამომრჩეველი.