"უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას" - პეტიცია

"უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას" - პეტიცია

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გაუქმებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა - ამ დროის მონაცემებით, პეტიციას 900-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

პეტიციის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას - ამასთან, რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.