PACE "ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას ამზადებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლეა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას ამზადებს.
რეზოლუციასში საუბარია იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელიც ქვეყანას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ახასიათებს
კერძოდ, ნახსენებია ისეთი საკითხები, როგორიცაა მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, საერთაშორისო შეშფოთება, არადემოკრატიული საარჩევნო გარემო, რეპრესიები, ადამიანის უფლებათა დარღვებები.
დოკუმენტის ბოლო მუხლი კი წარმოადგენს მოწოდებას ევროპის საბჭოს ორგანოებისა და წევრი სახელმწიფოების მიმართ, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ "საქართველომ სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი და ვალდებულება."
რეზოლუციაში წარმოდგენილია შემდეგი მუხლები:
-
"საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს თავის უკვე გამოქვეყნებულ რეზოლუციებს, რომლებშიც სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური კრიზისის გამო. ეს მოვლენები ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მზადყოფნას, დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები.
- ასამბლეა ღრმა სინანულით აღნიშნავს, რომ ქართულმა ხელისუფლებამ უგულებელყო დემოკრატიულ კრიზისზე საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება და რეკომენდაციები, რის გამოც დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
-
ასამბლეა გმობს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან. ის ასევე გმობს საერთაშორისო საზოგადოების წევრების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებსა და თავდასხმებს.
- ასამბლეა გმობს, რომ მისი მოწოდება არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე არ შესრულდა. ამის შედეგად, ოპოზიციის უმრავლესობა არ მონაწილეობს არჩევნებში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებს კი მათი დაკვირვების საშუალება არ მიეცათ. ასამბლეა ასევე გმობს ეუთო/ოდირის დაგვიანებულ მოწვევას, რამაც მათთვის დაკვირვება შეუძლებელი გახადა.
-
ასამბლეა გმობს პოლიტიკური განსხვავებული აზრის მიმართ დაუნდობელ რეპრესიებს, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
- ასამბლეა იმეორებს თავის დაგმობას ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო. ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და შეუთავსებელია დემოკრატიასთან.
- ასამბლეა სინანულით აღნიშნავს, რომ პოლიციის ძალადობასა და მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს იურიდიული პროცედურების ბოროტად გამოყენება და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
- კანონები სამოქალაქო საზოგადოებაზე: ასამბლეა სერიოზულად შეშფოთებულია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებით, რომლებიც ხელს უშლიან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ასევე, გმობს „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებას და საბანკო ანგარიშების გაყინვას, რაც დამთრგუნველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- ასამბლეა შეშფოთებულია საჯარო მოხელეების დაშინებითა და გათავისუფლებებით, რაც ძირს უთხრის საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას.
- ასამბლეა გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მცდელობას, რასაც მმართველი უმრავლესობა აპირებს. ეს შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან და ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს.
- ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიის უკუსვლა და რომ მზად არის დიალოგისთვის, რომელიც ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, ისარგებლოს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.
- ასამბლეა აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ნგრევის შეჩერება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს საკითხია. ამიტომ, ის მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ის, რაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით და ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი განცხადებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი და ვალდებულება."