რუბიო რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე: მიუღებელი და სახიფათოა

რუბიო რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე: მიუღებელი და სახიფათოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას "მიუღებელს, სამწუხაროსა და სახითაფო განვითარებას" უწოდებს.

მისი თქმით, თუ დრონები პოლონეთში გამიზნულად იყო გაშვებული, მაშინ ეს "ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება".

"არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ჩვენ გვსურს, გვქონდეს ყველა ფაქტი და კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს მოკავშირეებთან, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - თქვა რუბიომ.

რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობა პოლონეთის შეიარღებულმა ძალებმა 10 სექტემბერს გაავრცელა.

მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტის წევრებთან გამართული საუბრისას განაცხადა, რომ პოლონეთის საჰარეო სივრცე 19-მა რუსულმა დრონმა დაარღვია. მან NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ამ ეტაპისთვის NATO-ში "ინციდენტის სრული შეფასება მიმდინარეობს."