POG ხაბეიშვილზე: მედიამ სიცრუე გაავრცელა... IPhone შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერა

POG ხაბეიშვილზე: მედიამ სიცრუე გაავრცელა... IPhone შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერა

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორის განცხადებას დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. პროკურორმა თქვა, რომ ხაბეიშვილის ტელეფონი, შესაძლოა, საერთოდ ვერ გაიხსნას.

პროკურატურის განცხადებით, პროკურორმა თქვა, რომ ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად IPhone-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.

რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას", - აცხადებს პროკურატურა.