მურთაზ ზოდელავას 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს

მურთაზ ზოდელავას 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს

მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს, რომლის გადახდის შემდეგაც საპატიმროდან გათავისუფლდება.

შესაბამისი შუამდგომლობა დღეს პროკურატურამ დააყენა - მან სასამართლოსგან მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს. ისინი ფორმულას ეზოდან აიყვანეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მურთაზ ზოდელავა "უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება".

"შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.