
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტის წევრებთან გამართული საუბრისას განაცხადა, რომ პოლონეთის საჰარეო სივრცე 19-მა რუსულმა დრონმა დაარღვია.
ტუსკის განმარტებით, დრონების დიდი ნაწილი პოლონეთში ბელარუსიდან შევიდა, ხოლო პოლონურმა და NATO-ს თვითმფრინავებმა მხოლოდ 3 ან 4 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
მისივე თქმით, პოლონეთმა NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ეს ნაბიჯი ვარშავას საშუალებას მისცემს, აღნიშნული საკითხი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NATO-ს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო) წინაშე წამოჭრას.
ამის შემდეგ კი იმართება კონსულტაციები, რათა დადგინდეს, დაემუქრა თუ არა საფრთხე წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
ტუსკის განცხადებით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.
„ეს არ არის მხოლოდ ომი უკრაინელებისთვის. ეს არის კონფრონტაცია, რომელზეც რუსეთი მთელ თავისუფალი სამყაროს წინაშე წავიდა“, — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობა პოლონეთის შეიარღებულმა ძალებმა დღეს გაავრცელა.
მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.
"გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ, მათი დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - აცხადებენ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.