Gen Z-ის პროტესტი - რა ხდება ნეპალში?

Gen Z-ის პროტესტი - რა ხდება ნეპალში?

უკვე მესამე დღეა ნეპალში, უფრო კონკრეტულად, მის დედაქალაქ კატმანდუს ქუჩებში არეულობაა.

პროტესტი, რომელიც თავდაპირველად მთავრობის მიერ სოციალური მედიის აკრძალვამ გამოიწვია, გაფართოვდა და პოლიტიკური კორუფციისა და ეკონომიკური სტაგნაციის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობად იქცა.

საპროტესტო ტალღის დასაწყისი

ნეპალის ქუჩებში პროტესტის მასობრივი ტალღის წარმოქმნა გამოიწვია მთავრობის მიერ 4 სექტმებერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ - აეკრძალა სოციალური მედიის ცალკეული პოპულარული პლატფორმები. კერძოდ, საუბარია Facebook-ზე, X-ზე (ყოფილი Twitter) და YouTube-ზე.

ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გაამართლა იმით, რომ პლატფორმებმა ვერ შეძლეს დარეგისტრირება და ახალ შიდა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლა. თუმცა ეს ნაბიჯი მოსახლეობის უმეტესობამ აღიქვა, როგორც თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და მცდელობად, ცენზურა დაუწესდეს განსხვავებულ აზრს.

გარდა ამისა, აკრძალვას დაუყოვნებლივი და მძიმე გავლენა ჰქონდა მილიონობით მოქალაქეზე, რამაც ზიანი მიაყენა ბიზნესს, ტურიზმს და პირად კომუნიკაციას.

ამ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 8 სექტემბერს კატმანდუს ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. პროტესტი ქუჩებში, რომელიც მნიშვნელოვანწილად სოციალურ მედიაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო დაიწყო, მალევე გადაიქცა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც გამძაფრდა საზოგადოებაში კორუმპირებული მთავრობისადმი დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილებით. სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები, ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებშიც ასახულია გავლენიანი პოლიტიკოსების შვილების მდიდრული ცხოვრება.

მოვლენების განვითარება

მოძრაობამ ძალადობრივი ხასიათი პროტესტის პირველივე დღეს მიიღო. კერძოდ, მომიტინგეებმა ბარიკადების გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უპასუხეს.

აღნიშნულის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, ხოლო დაშავდა ასობით მომიტინგე.

საზოგადოების პროტესტი მიმართული იყო უშუალოდ ნეპალის ხელისუფლების წევრების მიმართაც. მომიტინგეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერმინისტრის, კ.პ. შარმა ოლის, პრეზიდენტის რამჩანდრა პაუდელისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სამყოფელებს.

ასევე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ჩააგდეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ბიშნუ პრასად პაუდელი მდინარეში და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

პროტესტმა ასევე იმსხვერპლა ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯალანათ ხანალის, ცოლი, რაჯილაშმი ჩიტრაკარი. იგი იმყოფებოდა იმ შენობაში, რომელსაც მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს.

9 სექტემბერს პროტესტის ასობით მონაწილე პარლამენტის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა. ასევე მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები და კედლებზე კორუფციის საწინააღდმეგოდ მიმართული წარწერები დატოვეს.

იმავე დღეს ქუჩის პროტესტების შედეგად გაძლიერებული ზეწოლის გამო, პრემიერ-მინისტრმა კ.პ. შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა. თუმცა, მისმა გადადგომამ ვერ დააკმაყოფილა მომიტინგეები, რომლებმაც გააგრძელეს დემონსტრაციები და დაიწყეს მოთხოვნა მთელი პარლამენტის დაშლისა და ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ.

გადადგა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო "მორალური პასუხისმგებლობა აიღო."

ცნობილი ხდება, რომ პროტესტის მეორე დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დედაქალაქი ვერტმფრენის საშუალებით დატოვეს.

ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა

ამ ეტაპისთვის, კატმანდუში, გასულ დღეებთან შედარებით, სიმშვიდეა. მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა, შეძლეს ქალაქის გარკვეულ ნაწილებში წესრიგის დამყარება. დაწესებულია კომენდატის საათი.

განუსაზღვრელი ვადით დახურულია კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტი. ფრენები სამშაბათს შუადღის შემდეგ შეჩერებულია.

ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმია შექმნილი - პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ, უცნობია ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას.

მმართველი კოალიცია კი პოტენციური კრახის წინაშე დგას, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ორმა მთავარმა პარტიამ, „ნეპალის კონგრესი“ და „მაოისტური ცენტრი“, მხარდაჭერის მოხსნით იმუქრება.

2-დღიანი ძალადობრივი პროცესების შემდეგ კი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაუქმდა აკრძალვა სოციალური მედიის ზემო აღნიშნულ პლატფორმებზე.

საერთო ჯამში, ნეპალში განვითარებულ მოვლენებს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტი ქუჩებში გრძელდება.