უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც "თეთრი დროშის" აწევის გამბედაობის შესახებ რომის პაპის სიტყვებს ეხმაურება.
ზელენსკის თქმით, რუსი მკვლელები მხოლოდ იმიტომ არ მიდიან ევროპაში, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ.
"რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ. უკრაინაში ოდესღაც ბევრი სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი იყო, რომლებიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით. ეს ნათლად მეტყველებს, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად.
როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ დაიწყო ეს ომი, ყველა უკრაინელი დადგა თავდაცვისთვის. ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები – მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია. ისინი ფრონტზე არიან, იცავენ სიცოცხლეს და ჰუმანურობას, მხარს უჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი, რა არის ეკლესია – ის ხალხთან ერთად დგას და არა ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ, ვირტუალურ შუამავლობაში, ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება უნდა", - აცხადებს ზელენსკი.
გუშინ რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.