გიორგი გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერს დაანონსებულ "მშვიდობიან რევოლუციაზე"

გიორგი გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერს დაანონსებულ "მშვიდობიან რევოლუციაზე"

პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული "მშვიდობიანი რევოლუცია" - "ყველაზე დიდი საჩუქარია ქართული ოცნებისთვის".

ის აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის" გაიგივება სახალხო პროტესტთან - "ფაქტობრივად, პროტესტის დელეგიტიმაცია და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა".

"4-ში, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება - ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც მისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, დაენახებინა, რა არის ალტერნატივა და ფაქტობრივად, ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან იყო, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და ოცნების ლეგიტიმაცია. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული.

არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც სჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა...

მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ", - ამბობს გიორგი გახარია.

ის ამბობს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა "რაღაცები უნდა გადააზღვიოს" და აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიციის პოლიტიკა არ გახდა "გონივრული, რეალური და პრაგმატული, ყოველთვის ქართული ოცნება მოიგებს". ამ კონტექსტში ის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ერთადერთი მიზანია - "ქართული ოცნების რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე".

"მე უბრალოდ, შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას ვამბობ წინმსწრებად იმიტომ, რომ ვთვლი, რომ რაღაცები უნდა გადავაზღვიოთ, მაქვს ამის შესაძლებლობა, თორემ გავა აგერ დრო, ერთი თვე, თქვენც ნახავთ და მეც ვნახავ რა იქნება ამის შედეგი. მერე გამოვლენ და დააბრალებენ ხალხს - იტყვიან, რომ არასაკმარისი ხალხი გამოვიდა და ჩვენ რა ვქნათ, მერე იტყვიან, აი, მე რა უნდა მექნა იმიტომ, რომ ჯარიმა არ გადავიხადე, დაპატიმრებული ვიყავი და ამის გამო ვერ მოვახერხე ეს... მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე თამაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 10 წლის განმსაზღვრელი პროცესები... [...]

ჩვენი პოლიტიკა თუ არ გახდა გონივრული, რეალური და პრაგმატული, ყოველთვის მოიგებს ოცნება, რადგან მას მარტივად შეუძლია ჩვენი ემოციურობის მართვა და რასაც დღეს აკეთებს, ფსიქოლოგიურად ძალადობს საქართველოს ამომრჩევლებზე. მარტივია - ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი - ოცნების რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე, ეს თუ არ მოხდა, ყველანაირი საუბრები ასეთ გადატრიალებაზე, ისეთ დამხობაზე, ეს არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ილუზია, უპასუხისმგებლობა, რომელზეც მერე გამოვლენ და იტყვიან - არ გამოვიდა, რა ვქნათო", - ამბობს გიორგი გახარია.