EU-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო ჩეხეთმაც გააუქმა

EU-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო ჩეხეთმაც გააუქმა

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩეხეთმაც გააუქმა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Facebook-ზე გაავრცელა.

მინისტრის თანახმად, ჩეხეთი ამ გადაწყვეტილებით პასუხობს - "ადამიანის უფლებების შელახვას, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას".

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.