
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 2023 წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ჰქონდა მცდელობა, რომ აქციაზე თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო, თუმცა, სავარაუდოდ, ამას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.
ის აღნიშნავს, რომ შემდეგ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეპრინტა გდდ-ის ფორმები და ასე გაეშვა ქვედანაყოფები აქციაზე, თუმცა, ამაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უარი თქვეს.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ეს წინააღმდეგობა "მალევე ჩაფარცხეს".
"2023 წლის გაზაფხულის აქციებზე, როდესაც პირველად მიიღეს რუსული კანონი, მაშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაერთოთ პროცესებში თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მაშინ პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, ის დიდი ალბათობით ამას ხელს არ მოაწერდა, რადგან ჯარის გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ნებართვა და განკარგულებაა საჭირო პარლამენტის წარდგენის საფუძველზე და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეპრინტათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმები და ჩაეცვათ და ასე ვთქვათ, ასე, შავად გაეყვანათ ქვედანაყოფები, თუმცა, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს და შეხვდათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს საკითხი, სასწრაფო წესით ისე ჩაფარცხეს, რომ საზოგადოებაში ეს თემა არ გასულიყო და არ გახმაურებულიყო", - თქვა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში.
ამ კონტექსტში, მან ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც და თქვა, რომ "რეჟიმი პანიკაშია", რისი საფუძველიც, მისივე თქმით, არის როგორც შიდა კულუარებში, ასევე ქვედანაყოფებში მიმდინარე ამბები და მაღალი თანამდებობის პირების საუბრები.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბერს სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უარს იტყვიან ძალის გამოყენებაზე.
"დარწმუნებული ვარ, ახლა არაფერი შეიცვალა. ზოგადად, ამათი ფსიქიკა, ამ რეჟიმის ფსიქიკა რეაგირებს შიშზე, შესაბამისად, ამათი შიში არის 4 ოქტომბერი და დამიჯერეთ, პანიკაში არიან. ამას, შესაძლოა, არ იმჩნევენ, მაგრამ პანიკაში არიან და რატომ არიან პანიკაში, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს - შიდა კულუარებში რაც ხდება, ის, როგორც ქვედანაყოფებში, როგორც მაღალი თანამდებობის პირების საუბრებში, როგორც მათ ჩათებში და დამოკიდებულებაში.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ არის [შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან ძალის გამოყენებაზე] ასეთი დამოკიდებულება, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ აქვთ ამის მზაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ და ის მოდელი, რომელსაც ესენი თვლიან გეგმა ბ-ს სახით - შესაძლოა ჯარიც არც გამოიყვანონ, ან შესაძლოა, უბრალოდ, კომენდატის საათი დააწესონ ან ა.შ, მაგრამ აქამდე თუ მივიდა ეს პროცესი, ჩათვალეთ, დასრულებულები არიან, ამის უფლებას ქართველი ხალხი არ მისცემს", - თქვა ირაკლი შაიშმელაშვილმა.