ვაშაძე: ნავალნისა და სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია

ვაშაძე: ნავალნისა და სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აუცილებელია სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლება.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ღიად ვთქვათ და კითხვის ნიშანსაც არავინ დასვამს, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის.

ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან", - ამბობს ვაშაძე.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.