სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
"16 თებერვალს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდადებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი შეუძლოთ იგრძნო, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება. დაუყოვნებლივ მივიდნენ დაწესებულების მედიკოსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული", - აღნიშნულია რელიზში.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".
14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი ოცდამეშვიდედ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ანუ სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნის ადვოკატი ლეონიდ სოლოვიოვი Novaya Gazeta-სთან ამბობს, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით კომენტარს არ აკეთებს.
"ახლა ვერკვევით. ალექსეისთან ადვოკატი ოთხშაბათს [ორი დღის წინ] იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო", - თქვა ადვოკატმა.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს ნავალნის შესახებ უკვე შეატყობინეს. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი ექიმებმა უნდა დაადგინონ.
საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.