ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, მათ შორის, ძმებ მიქაძეების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა.

ბრალდებულთაგან დაკავებულია მხოლოდ სამი – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე, ხოლო დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კვლავაც ძებნაში იმყოფებიან.

პროკურატურის განმარტებით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ დადგა. ადვოკატები გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიება ბრალდებულებს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.