სახალხო დამცველი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, მათ რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები შეისწავლეს, თუმცა, გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა.

„მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში. https://tinyurl.com/2e54p5ma

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.

სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა "ვივა მედში" გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.