
ნაცემი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა "ვივა მედში" გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს. მისივე თქმით, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.