გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დრო გამარჯვებისთვის თუ პაუზა პუტინისთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დრო გამარჯვებისთვის თუ პაუზა პუტინისთვის?

უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი უკვე მესამე წელია განსაზღვრავს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ბედს, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების პერსპექტივას და, შეიძლება ითქვას - ახალ მსოფლიო წესრიგს.

ასეთ დროს ერთ შეხვედრას შეუძლია გახდეს ისტორიული წყალგამყოფი.

18 აგვისტოს ვაშინგტონში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შედგება. მაგიდასთან იქნებიან ევროპელი ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანიც.

ეს აღარ არის მხოლოდ ვიზიტი ან მორიგი დიპლომატიური ფორმალობა. ეს არის მომენტი, როცა თავისუფალმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რა გზას ირჩევს: გამარჯვების გზას თუ დაღლილობისა და უსასრულო კომპრომისების მორევში ჩაძირვას.

სამხედრო დახმარების ტემპი და ხარისხი (,,ფოლადის ზღარბი“)

უკრაინისთვის ახლა გადამწყვეტია სამი რამ:

  • თანამედროვე საჰაერო თავდაცვა;
  • შორი რადიუსის შესაძლებლობები;
  • საბრძოლო მასალების უწყვეტი მიწოდება, მათ შორის — ერთობლივი წარმოების ქსელი.

თუ ეს მხარდაჭერა ხარისხობრივად გაიზრდება და შეუჩერებლად გაგრძელდება, კრემლის შანტაჟი ძალას დაკარგავს და მშვიდობისთვის მყარი საფუძველი შეიქმნება.

ნებისმიერი შეფერხება არა მხოლოდ უკრაინას ასუსტებს, არამედ თავად დასავლეთის უსაფრთხოებასაც უთხრის ძირს.

---

„ნატო თუ გარანტიები?“

თუ ნატოს კარი დროებით დახშულია, ალტერნატივა უნდა იყოს იურიდიულად მტკიცე და შეკავების ამოცანისთვის ასხივებდეს რეალურ ძალას. ამისთვის საჭიროა:

  • რატიფიცირებული თავდაცვითი შეთანხმებები აშშ-ისა და ბირთვული იარაღის მქონე ევროპული სახელმწიფოს მონაწილეობით;
  • ინტეგრირებული საჰაერო-სარაკეტო ფარი უკრაინაზე;

ავტომატური დახმარების მექანიზმი ნებისმიერი ახალი თავდასხმის შემთხვევაში.

სიტყვები აღარ კმარა - საჭიროა რეალური ძალა, რომელიც ჩანასახშივე შეაკავებს აგრესორის ამბიციებს.

---

რას ითხოვს პუტინი?

Reuters-ის ცნობით, მოსკოვი ტრამპს უკრაინისთვის სთავაზობს „კომპრომისს“:

  • დონეცკისა და ლუჰანსკის დათმობა;
  • ყირიმის აღიარება;
  • ნატოზე უარი;
  • სანქციების შერბილება;
  • რუსული ენისა და ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი;
  • ზავი — მხოლოდ საბოლოო შეთანხმების შემდეგ.

ეს პაკეტი თითქოს ვაჭრობაა, მაგრამ სინამდვილეში — კრემლის სტრატეგიული მარცხის ნიშანია.

პუტინმა ვერ მიაღწია ომის მიზნებს ძალით და ახლა ცდილობს დაკარგულის პოლიტიკური დაკანონებით გადაარჩინოს რეჟიმის სახე.

რა უნდა თქვას დასავლეთმა

ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო პრინციპებად:

  1. საზღვრები ძალით არ იცვლება. დროებითი ხაზები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დე იურე აღიარება გამორიცხულია.
  2. ნატოს ეკვივალენტი იურიდიულად უნდა გაფორმდეს: ხელშეკრულებები, ფარი და ავტომატური ჩართულობა თავდასხმის განახლების შემთხვევაში.
  3. სამართლიანობა არ ივაჭრება. ჰააგის პროცესი ღია რჩება — ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ვერ დაიფარება.
  4. „დასავლეთ გერმანიის გზა“ უკრაინისთვის: ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგო-ტექნოლოგიური კავშირები, მძლავრი ინვესტიციები თავდაცვით ინდუსტრიაში.
  5. სანქციები მკაცრი და პროგრესიული უნდა იყოს. შერბილება — მხოლოდ რეალური უკანდახევის და ვალდებულებების შესრულების შემდეგ; დარღვევისას — ავტომატური გამკაცრება.
  6. ენა და რწმენა — უფლება კი, მაგრამ არა გავლენის ბერკეტი. კულტურული თავისუფლება ვერ იქცევა კრემლის რბილი ძალის იარაღად.

---

დასკვნა - მცირე დათმობების ფასად სტრატეგიული მარცხი

დღეს საჭიროა ორი ჭეშმარიტების დაფიქსირება:

  1. აგრესიით მოპოვებული საზღვრები ვერ ლეგალიზდება!
  2. სამართლიანობა ვერ იქცევა ვაჭრობის საგნად!

ამ გზით უკრაინა მცირე ტაქტიკური დათმობების ფასად სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ძლიერდება, რუსეთი კი იზოლაციაში სუსტდება.

ეს არის „გაყოფილი გერმანიის“ თანამედროვე ვერსია: თავისუფლებისა და სტაგნაციის კონტრასტი საბოლოოდ ყოველთვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწონის.

ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის მომავალს - ის განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოებას და, უფრო ფართო სურათში, მთელი თავისუფალი სამყაროს პერსპექტივას.

დღეს დასავლეთს აღარ აქვს ფუფუნება დაემალოს არჩევანს: ან გაბედული ნაბიჯი გამარჯვებისკენ, ან პაუზა, რომელიც პუტინს აძლევს დროს რევიზიონისტ ავტორიტარებთან ერთად ცივილიზაციის მონაპოვარს საძირკველი შეურყიოს.

არჩევანი სწორედ ახლა უნდა გაკეთდეს.