ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დღეს ჩატარებული ჩხრეკები ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება.
საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ 3 სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე მითითებული ობიექტები გაიჩხრიკა.
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან. ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით", - წერია განცხადებაში.
***
24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ - 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
გარდა ამისა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკა ჩატარდა ასევე ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებშიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.