გელავა: წაიღეს ჩემი ტელეფონი, ჩემი და ჩემი ქმრის ლეპტოპები - გამოკითხვაზე დამიბარეს

გელავა: წაიღეს ჩემი ტელეფონი, ჩემი და ჩემი ქმრის ლეპტოპები - გამოკითხვაზე დამიბარეს

Atlantic Council-ის თანამშრომელი, მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ დღეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახლიდან მისი და მისი ქმრის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპები წაიღეს.

გელავა ამბობს, რომ ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

"დილას შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ფინანსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა იმ კომპანიასთან, რომელთანაც კონტრაქტი მაქვს. მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში და ვიკვლევ სახელისუფლებო და პრორუსულ ჩარევებს საქართველოში და საინფორმაციო ოპერაციებს და დეზინფორმაციებს. მეტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, დაიწყეს ჩხრეკა და წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. ასევე, წაიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის პოლიტიკოსი... ამ წუთას არ გვაქვს დეტალები. გამოკითხვაზე დაგვიბარეს"- თქვა გელავამ.

დღეს დილიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ ატლანტიკური საბჭოს ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში.

სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა.

ასევე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.