
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არაერთ ქვეყანასთან იარაღისა და თავდაცვის ტექნოლოგიების შესახებ ახალ შეთანხმებებზე მუშაობს, რათა გააძლიეროს სამხედრო ძალების შესაძლებლობები.
"იქნება დამატებითი დახმარების პაკეტები. ცალკე – და ძალიან კონკრეტულად – ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უკრაინამ მაინც შეძლოს Patriot სისტემების საჭირო რაოდენობის მიღება. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.
ვაშინგტონში მე ვესაუბრე თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ Patriot-ებსა და სხვა იარაღს, რომელიც გვჭირდება. უკრაინასთან მუშაობის სურვილი სრულად საკმარისია – ისინი უკრაინას ენდობიან. მნიშვნელოვანია, რომ ამას ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზეც ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ დაინტერესებულია თანამშრომლობით ბირთვული ენერგეტიკის, გაზისა და ნავთობის სფეროში.
"უკრაინის ინფრასტრუქტურას შეუძლია უფრო მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელი რეგიონისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები ამით აშკარად დაინტერესებულია. მთლიანობაში, ეს უკვე ბევრად უფრო ფართო ევროატლანტიკური სტრატეგიის ნაწილია – ევროპაში ენერგეტიკული ბაზარი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან, არამედ მათი მიწოდების მოცემულობისაგანაც კი", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.