
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიევს 30-დღიან ზავზე დათანხმების ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობენ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას განიხილავს.
პუტინის თქმით, შეხვედრა უნდა შედგეს ხუთშაბათს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები სტამბოლში მიმართული იქნება ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და "გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობის" აღდგენაზე და არა უბრალოდ "გადაიარაღების პაუზისთვის".
ჩვენ ვთავაზობთ კიევის რეჟიმს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკვე ხუთშაბათს, სტამბულში", - თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, კვირას ესაუბრება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს "მოლაპარაკებების ხელშეწყობის შესახებ, რამაც, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვიოს".
"ჩვენი წინადადება, როგორც ამბობენ, მაგიდაზეა. გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ პირადი პოლიტიკური ამბიციებით და არა ხალხების ინტერესებით", - განაცხადა პუტინმა.
ჯერჯერობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პუტინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გუშინ, 10 მაისს, კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. მათივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინადადებას მხარს უჭერს და ის დათანხმდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება.
ტრამპმა რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ "წინ დიდი კვირაა".