"ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა 12 მაისიდან" - დასავლელი ლიდერების ერთობლივი განცხადება

"ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა 12 მაისიდან" - დასავლელი ლიდერების ერთობლივი განცხადება

საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ეს ყოველივე მონიტორინგს მოითხოვს, რისი მიღწევაც აშშ-ის დახმარებითაა შესაძლებელი.

ამ 30 დღის განმავლობაში, დასავლელი ლიდერების თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უნდა გავრცელდეს უფრო მკაცრი სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ.

საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2025 წლის 10 მაისს, შაბათს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, განმარტებით, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული რაიმე პირობებზე. თუ რუსეთი ასეთ პირობებს მოითხოვს, ეს შეიძლება მხოლოდ ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ძირის გამოთხრის მცდელობად ჩაითვალოს.

მოითხოვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა იყოს ყოვლისმომცველი - ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მოითხოვს ეფექტურ მონიტორინგს, რომლის წარმატებით განხორციელებაც შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, დიპლომატიური მუშაობა უნდა იყოს ორიენტირებული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების განსაზღვრაზე.

ისინი მიესალმნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებას მხარს უჭერენ როგორც ევროპა, ასევე შეერთებული შტატები. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების გადამწყვეტ მნიშვნელობას, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ძირითად გარანტიას. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი ასევე უნდა იყოს საგარანტიო ძალები (კონტინგენტი).

ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უნდა გავრცელდეს უფრო მკაცრი სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ.

ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის ძლიერი სანქციების მე-17 პაკეტის მიღებასა და მისი იმ სანქციებთან კოორდინაციაზე, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა დააწესეს.

შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას გაყინული რუსული აქტივების ეფექტურ გამოყენებაზე და ამ საკითხს განიხილავენ G7-ის შემდეგ სამიტზე.

მათ გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის არმია. ეს უნდა მოიცავდეს თავდაცვის მდგრადობის დაფინანსებას და ინვესტიციებს იარაღის წარმოებაში, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპის ქვეყნებში, ერთობლივი პროექტების ფარგლებში."