
შალვა პაპუაშვილი თბილისის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის „გარე ჩარევის აშკარა მაგალითი“, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა.
„თბილისის საარჩევნო შტაბზე ‘ნაცი’ ‘ტიტუშკების’ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა,“ – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, პროცესში არა მხოლოდ ექსტრემისტული ჯგუფები, „ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული“, არამედ „გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც“ არიან ჩართული.
„მათ შორის, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული "ნეტგაზეთი", რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბზე,“ – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძს შტაბთან „ქართული ოცნების“ პარტაქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს. მედიის წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და წაართვეს ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
დაპირისპირების დროს, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტ ქეთევან ხუციშვილს, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, პოლიციელი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. მოგვიანებით იდენტიფიცირდა, რომ ხუციშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია აყენებდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ის და სხვა პოლიციელები ძალადობრივი მეთოდებით აშორებენ ჟურნალისტს მოვლენების ეპიცენტრს.