
პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის შესაძლო გადაცემის საკითხი რუსეთში შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული იარაღია, "ფრონტის ხაზზე სიტუაციას ვერ შეცვლის".
"Tomahawk-ის რაკეტასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს, როგორც ეს უკვე განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. Tomahawk-ები სერიოზული იარაღია, მაგრამ ფრონტის ხაზზე სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია", - ამბობს პესკოვი.
გამოცემა Axios-მა გუშინ, 11 ოქტომბერს დაწერა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილეს. Axios-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.