Axios: ტრამპმა და ზელენსკიმ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს

Axios: ტრამპმა და ზელენსკიმ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს

Axios წერს, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ გამოცემა ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

Axios-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

"მე ვაცნობე პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის თავდასხმების შესახებ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე — ვაფასებ მის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ვმუშაობთ ამის უზრუნველსაყოფად. არსებობს კარგი ვარიანტები და მყარი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავძლიერდეთ", - დაწერა ზელენსკიმ.