ჯანდიერი: არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება, არ ვიცნობ

ჯანდიერი: არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება, არ ვიცნობ

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი მოწმის სტატუსით იკითხება.

ადვოკატი აცხადებს, რომ "ძნელად დასაჯერებელია" ბაჩიაშვილს ციხიდან მისივე ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია მოეწყო.

ჯანდიერმა ასევე დაამატა, მას პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილე გიორგი ქემოკლიძესთან შეხება არ ჰქონია.

"მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომელიც ბრიფინგების საშუალებით გავრცელდა. მოვედი, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება

ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკია, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანმა ეს ციხიდან გააკეთოს და მე რომ მოწმედ ვარ დაბარებული, ეს სრული შოკია.

არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება. არ ვიცნობ. მისი ფოტო პირველად ვნახე, როდესაც სუს-ის მხრიდან განცხადება გავრცელდა. მაშინ, როდესაც გადადგა, გვარისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.

მინდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამგვარი ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეიძლება, შეფასდეს როგორც ზემოქმედება ჩემზე, დანარჩენი მეც მაინტერესებს თუ რა შეკითხვები იქნება", - განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან".

***

ცნობისთვის, ჯანდიერი გამოკითხვაზე 10 ოქტომბრეს დაიბარეს.

ამავე დღეს კი პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძესა და ბაჩიაშვილს შორის შემდგარი გარიგების შუამავალი სწორედ ჯანდიერია.

სამთავრობო მედია ასევე ამტკიცებს, რომ ადვოკატს "ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურთანაც" ჰქონდა კონტაქტი.

ჯანდიერმა აღნიშნულს "ბინძური და შეკვეთილი უწოდა" და თქვა, რომ ეს ყოველივე მის დისკრედიტაციასა და პროფესიულ საქმიანოაბზე ზეგავლენის მცდელობას ემსახურებოდა, მათ შორის "უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს."

***

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, "ოცნების" პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

უწყება ირწმუნება, რომ მან "ბოროტად გამოიყენა" უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა მას პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინა ბიზნესმენის სავარაუდო ცემის ფაქტი.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურა აცხადებს, რომ ქემოკლიძემ, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის საკანში ორჯერ შეასახლა პატიმრები, რისი მიზანიც, ბიზნესმენის "ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაციის მოწყობა" იყო.

განცხადების მიხედვით, დაკავებულს შინაპატიმრობა ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

მისი ადვოკატის თქმით, გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.