ზელენსკი: პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა

ზელენსკი: პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას აშშ-ის ლიდერ, დონალდ ტრამპთან "ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

მან აღნიშნა, რომ ტრამპის შუამდგომლობით, ისრაელში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებული შეთანხმება "გამორჩეულ მიღწევას წარმოადგენს."

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან — ეს იყო ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული საუბარი. მივულოცე პრეზიდენტს მისი წარმატება და ახლო აღმოსავლეთში შეთანხმება, რომლის მიღწევაც მან შეძლო - ეს გამორჩეული მიღწევაა. თუ შესაძლებელია ომის შეჩერება ერთ რეგიონში, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა ომების შეჩერებაც — მათ შორის რუსეთის ომის", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ტრამპთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

მან ასევე დაამატა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კრემლის ჩართვა მხოლოდ სიძლიერის წარმოჩენითაა შესაძლებელი.

"მე ვაცნობე პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის თავდასხმების შესახებ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე — ვაფასებ მის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ვმუშაობთ ამის უზრუნველსაყოფად. არსებობს კარგი ვარიანტები და მყარი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავძლიერდეთ.

საჭიროა რუსული მხარის მზადყოფნა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში — ამის მიღწევა კი სიძლიერით არის შესაძლებელი. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.