
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლუიშ გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენებისა გამო.
"ღრმად ვარ შეშფოთებული იმ მზარდი დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რაც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“, – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუიშ გრაჩამ.
მან ასევე მხარი დაუჭირა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ბოლო განცხადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე შეძლოს ფუნქციონირება.
გარჩა საქართველოში არსებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებასა და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. ამ სენსიტიურ მომენტში, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, იკისრონ ვალდებულება, რომ იმოქმედონ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების ფარგლებში“, - თქვა მან.
სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პორტოს დეკლარაცია, რომელიც 2025 წლის ივლისში მიიღეს.
ამ დეკლარაციაში ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის და ასევე ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მისწრაფებების ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების მეშვეობით დაცვის აუცილებლობის საკითხი.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა პოლიტიკურ აქტორს და სამოქალაქო საზოგადოებას მათ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და საზოგადოების ნდობის აღდგენისკენ დიალოგისა და ეუთოს ვალდებულებების დაცვით“, – დაასრულა გრაჩამ.