ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური. სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნათია ნიკოლაიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ იყოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში გურიაში მომხდარი სტიქია.

"როდის იყო საერთოდ, თქვენ გაინტერესებდათ ადამიანების პრობლემები", - ამ სიტყვებით მიმართა მას უმრავლესობის წარმომადგენელმა და ენმ-ს "ომის პარტია" უწოდა.

სხდომაზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო. მოგვიანებით მედიასთან კომენტარში ნიკოლაიშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც გურიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ ადგილობრივებს აქვთ.

"ოზურგეთში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი სტიქია, ადამიანები ახლაც, მაგალითად, სოფელი ციხისფერდი მოწყვეტილია გარე სამყაროს. კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებიც კვლავ მიტოვებულები არიან სტიქიის ზონაში, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პრობლემები - მდინარე ადიდდა, მიწები ჩამოეშალათ, საფრთხის წინაშე არიან. ამ პრობლემებზე როცა ვუყვებოდი ამ ადამიანებს, მოსმენაც კი არ ისურვეს და სხდომა დატოვეს", - თქვა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ხმაური მოჰყვა სოფელ ქვემო ნატანებში სასწავლო პროცესისას სკოლის შენობაში ჭერის ჩამონგრევასა და ორი ადამიანის დაშავებაზე საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადება იყო, რომლის თანახმადაც შენობის ავარიულობაზე ცნობილი იყო.
დარჩიამ ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჭუმელიძემ კი თქვა, რომ რეაგირება ჰქონდათ და გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 9 ოქტომბერს დასრულდება.

"გვქონდა რეაგირება. სატენდერო პროცედურას დრო სჭირდება, შესაბამისად, 9 ოქტომბერს დასრულდება ტენდერი. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვლინდება გამარჯვებული, დაიწყება სრული რეაბილიტაცია. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტური არ ვარ, შეგიძლიათ განათლების რესურსცენტრის განცხადებით ისარგებლოთ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ამ საკითხზე ენმ-ის წევრი, თორნიკე გოგუაძე ამბობს, რომ ყველა ინსტანციას მიმართეს, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია, რაზეც დარჩიამაც ისაუბრა.

"აქედან გამომდინარე, მე უფრო მეტად გამიჩნდა კითხვა, რომ თუ ამ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ მიაქციეს ყურადღება, რა თქმა უნდა, რიგითი ადამიანების გაკეთებულ განცხადებებს არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ამაზე რომ რეაგირება ყოფილიყო, ზაფხულის პერიოდს გამოიყენებდნენ სარემონტო სამუშოებისთვის", - აღნიშნა მან.