ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოვარდა. ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი - სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი დაშავდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი თათია ნიკოლაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება აცხადებს, რომ ჭერი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამოვარდა. მისი ინფორმაციით, დამლაგებელი, რომელსაც ჭერი დაეცა, კლინიკაშია გადაყვანილი.
"ეს სკოლა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. აქ დადიან 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელია იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც მშობლებს გავესაუბრე, აქამდე არ არის დაწყებული. იქიდან გამომდინარე, რომ აქ 2 ცვლის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ამ ჭერის ჩამონგრევა მოხდა, მიმდინარეობდა სასწავლო პროცესის, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ცვლის ბავშვები 7 საათამდე არიან სკოლაში.
როგორც მითხრეს, შიგნით კიბე არის ავარიულ მდგომარეობაში. წესით, გადაკეტილი უნდა იყოს, მაგრამ, კატასტროფული მდგომარეობაა. წყალი არ არის, საპირფარეშოებშიც არ არის წყალი. ფეჩის ღუმელებზე თბებიან 21-ე საუკუნეში კვლავ, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე დგას აქ. ზამთარში ღუმელებს საერთოდ ვერ ანთებენ და ქურთუკებით სხედან", - აცხადებს ნიკოლაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 124-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფორმულა სკოლის დირექტორთან და რესურსცენტრთან დაკავშირებას ცდილობს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.