
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი, ორივე მიმართულებით, თითო სადგურით დაგრძელდება.
კალაძის თქმით, "ვარკეთილი" 1,2 კმ-ით დაგრძელდება, ხოლო "ახმეტელის" პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე 1.1 კმ იქნება.
მისივე თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით.
„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური.
უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო - თითქმის 20 წუთით“, - განაცხადა კახა კალაძემ.