
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
გამოკითხვაზე შესვლამდე კი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ახალაიას დაკითხვაზე დაბარება მასზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.
იგი პროპაგანდისტული მედიის ჩანაწერს, რომელშიც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ჩაწერილია ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარი, "ფარსს და სპექტაკლს" უწოდებს.
"არანაირ ორგანიზებაში ვიყავი ჩართული, თუმცა ვგულშემატკივრობდი ამ ყველაფერს...
რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლა ბაჩოზე, ყველაფერ რაც დღეს გააკეთეს. თუნდაც, ფარსი, რომ ვითომ, ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს და ცხადია, ამაზე ვინერვიულე. ბაჩო შიგნით მარტო იყო შესული და არ ვიცოდი რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური ტერორია.
მთელი საქართველოს მიმართ აგრძელებენ ტერორს და ჩვენც იმ ნათელი საქართველოს წევრები ვართ, რომლის მიმართაც ხორციელდება ტერორი.
ეს აუდიოჩანაწერი ის ფარსი, სპექტაკლია, რომელაც ისინი დგამენ. ადრე ახსენეს პარლამენტის მაკეტი, ჰექსოგენი - ეს ვერსია ვერ განავითარეს. ამის შემდეგ კი ეს ჩანაწერი გამოაგდეს, რომელიც 1000%-ით ყალბია", - განაცხადა ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ანი ნადარეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი უწყებაში ტყეში აღმოჩენილ საბრძოლო მასალის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე დღეს 8 საათი იმყოფებოდა.
მისი თქმით, შსს-ში იგი პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიბარეს და დაამატა, რომ უწყებაში მისი ხმის ნიმუში აიღეს.