
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა.
მისი თქმით, კითხვები ძირითადად ტყეში აღმოჩენილ საბრძოლო მასალას შეეხებოდა.
კერძოდ, ნადარეიშვილის თქმით, მას ჰკითხეს თუ იცნობდა ამ საქმესთან დაკავშირებულ ბექა ჭულუხაძეს.
"ძირითადი კითხვა იყო, რაღაც ტყეში იარაღის ამოთხრასთან დაკავშირებულ პირთან, ბექა ჭულუხაძესთან, თუ მქონდა რაიმე შეხება, თუ ვიცნობ ამ ადამიანს, რაიმე გადკვეთა თუ მქონდა, ასევე თუ ვნახე TV იმედის სიუჟეტი, მაგრამ მე რუსულ პროპაგანდისტულ არხებს არ ვუყურებ...
მაინტერესებს, ვის მოაფიქრდა, რომ მე შეიძლება რამე შეხება მქონდეს რაღაც ამოთხრილ იარაღთან. იქვე დავუფიქსირე, რომ სუს-ის დადგმული სპექტაკლების არ მჯერა. ამ 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე, მოვუსმინე ბევრ ადამიანს, რომელზეც ზეწოლას ახორციელებდნენ, არაპარაკებდნენ რაც უნდოდათ იმას, ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს ჩვენს გარშემო. არ მჯერა ამათი მასკარადების, ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, რომ მონაწილეობა მივიღო.
მკითხეს რატომ გავაზიარე იარაღის ამოღების "სქრინი", სადაც ხალხი დასცინოდა. აინტერესებდათ, რატომ მეცინებოდა ამაზე.", - თქვა მან.
ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ სუს-ში დაინტერესდნენ პაატა ბურჭულაძესთან მისი ოჯახის კავშირებთან.
"ასევე აინტერესებდათ თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას. მაგრამ ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა. ბურჭულაძე ჩვენი ოჯახის ნათესავია - ჩვენი შვილის ნათლია არის მისი შვილი. ძალიან ბევრი წელია მის ოჯახს ვიცნობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს ძალაინ მეამაყება.
არ ვიცი დამიბარებენ კიდევ თუ არა. თითქოს კითხვები ამოწურეს. ამათ ავადმყოფ ტვინებში რა დაიბადება ვინ იცის", - განაცხადა ნადარეიშვილმა.