მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძეს პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

თავად ქემოკლიძემ სასამართლო პროცესზე მიმალვის შესაძლებლობა გამორიცხა და დაამატა, რომ მას ამისთვის 40 დღე ჰქონდა.

"ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემ ზემოთაც იყვნენ თანამდებობის პირები და ქვემოთაც და ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ გარკვეულიყო ჭეშმარიტება. სახლში ვიყავი ძირითადად, მე რაც ბრალში წავიკითხე, ხო შემეძლო იმათთან ათასნაირი გზით დაკავშირება…

აქამდე არავის დაუძახია, რომ გამოძიება იყო და მივსყლიყავი. ვცხოვრობდი და ვაკეთებდი ოჯახის საქმეს. არც განცდა მქონია რომ ვინმე მითვალთვალებდა ან რაიმე. რომ მეხვეწონ მაინც არ ჩავიდენდი ამას.

ყველა ხელისუფლების დროა ვიმუშავე, მაქვს სახელმწიფო ჯილდოები, მადლობები, საყვედუროც კი არ მქონია. სამართალდამცავების ოჯახიდან ვარ.

გამორიცხულია, სადმე მივმალულიყავი. რამის გაკეთება რომ მდომნოდა, 40 დღე მქონდა ამისთვის, თუ ეს ჩავიდონე ხო უნდა მქონოდა რამე მცდელობა მაინც. მე ხომ არ ვიყავი იქ იერარქიულად ყველაზე მაღლა. მე მყავდა ხელმძღვანელი და იმას კიდევ ზევით ხელმძღვანელი.

ეს გავაკეთე და გამოვიქეცი და დავტოვე სამსახური? საერთოდ საბურთალოზე არ ვარ ნამყოფი 40 დღის მანძილზე, სადაც ჩვენი დეპარტამენტია, არათუ რაიმე ზეგავლენა მოვახდინე.

ბრალში რაც წერია იმ ბატონთან 12 წელია ვმუშაობ. ამ ქალბატონთან 20 წელია [საუბრობს მოწმეებზე]. ასე მგონია რომ სიზმარში ვარ, აზრზე ვერ მოვდივარ, რა წერია, რომ ვკითხულობ. უფრო მეტი დაწერონ, მეც მაინტერესებს", - განაცხადა ქემოკლიძემ სასამართლო პროცესზე.

სუს-მა პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ქემოკლიძე 9 ოქტომბერს დააკავა .

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ციხეში მომხდარი ინიციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მან პოსტი დავით გოგოიბერიშვილთან ერთად დატოვა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ცნობილი 8 ოქტომბერს გახდა — გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.