"ოცნების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება" - კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვა მიმდინარეობს

"ოცნების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება" - კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე MEGOBAR Act-ს განიხილავენ. კანონპროექტის თანაავტორის, კონგრესმენი ბილ კიტინგის განცხადებით, აქტი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ქმედებები პასუხგაუცემელი არ დარჩება.

მან ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

"მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო MEGOBARI Act რომელიც ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული MEGOBARI Act, რომლის თანაავტორიც ვარ მე, ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მმართველობისა და მათი გუნდის ბოლოდროინდელი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად, ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ მისწრაფებას და ვაფასებ, რომ კონგრესის საგარეო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს", - განაცხადა კონგრესმენმა.

კანონპროექტზე ისაუბრა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა. მისი თქმით, MEGOBARI Act იმ მეგობრული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი, რომელსაც აშშ საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანია ინარჩუნებს.

"აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავდროულად, ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ ხედვას საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის მიმართ. ეს კანონპროექტი ასევე მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მომავალი ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება", - აღნიშნა უილსონმა.

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს, რომ MEGOBARI Act-ს, სავარაუდოდ, მიიღებენ. ჟურნალისტი წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალაა გაიმართება.

"საქართველოს სანქციების კანონპროექტი (ასევე, ცნობილი, როგორც MEGOBARI Act) დღეს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა. კომიტეტის სრული კენჭისყრა ხვალაა მოსალოდნელი. "დიდი ალბათობით, ის კომიტეტს გაივლის" - მეუბნებიან წყაროები კონგრესიდან", - წერს რაუფოღლუ.

***

ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები