ადვოკატი: კანდელაკს ბრალდება წარუდგინეს, გაუგებარია რაში მდგომარეობს მისი ბრალეულობა

ადვოკატი: კანდელაკს ბრალდება წარუდგინეს, გაუგებარია რაში მდგომარეობს მისი ბრალეულობა

ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მოკრივესა და ბიზნესმენს, გიორგი კანდელაკს ბრალდება წარუდგინეს, ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ადასტურებს.

ამასთან, ბრალდება წარედგინა გორის საკრებულოს წევრ ბორია გოგიჩაიშვილს და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 5 ადამიანს.

მოსიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რაში მდგომარეობს ბიზნესმენის ბრალეულობა, რადგანაც დაცვის მხარისთვის საქმის მასალები, ამ დროისთვის, არ გადაუციათ.

მისივე თქმით, ბიზნესმენის შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით არ იკვეთება, შესაბამისად, შენობა, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები მიმდინარეობდა, კანდელაკს არ ეკუთვნის.

"ინფორმაციას, რომელსაც ასე ავრცელებს საგამოძიებო უწყება იქნება თუ მედიასაშუალებები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის არასწორი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ა.შ. გიორგი კანდელაკს არათუ ამ საქმესთან, ამ ქარხანასთან, ბრალში დასახელებულ კომპანიებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ადვოკატი ადასტუტებს, რომ კანდელაკსა და "ოცნების" წევრ ბორია გოგიჩაიშვილს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ მიანიშნებს ბიზნესმენის ბრალეულობაზე.

"თქვენმა მეგობარმა რამე რომ დააშავოს, თქვენ პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ?! კიდევ ერთხელ განვმარტავ: ე.წ. ქარხანა, კონკრეტული ტერიტორია, ამ ე.წ. იატაკქვეშა ბიზნესთან, როგორც ეს მედიამ მონათლა, გიორგი კანდელაკს შემხებლობა არ აქვს. მას შემდეგ რაც მასალებს მივიღებთ, საზოგადოება ობიეტქურ ინფორმაციას მიიღებს", - განაცხადა ადვოკატმა TV პირველთან.

***

ბრენდირებული ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით 7 ადამიანი გუშინ დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან გორელი ბიზნესმენი და მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.

ასევე დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძეც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.

გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.