რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და MEGOBARI Act-ის შესახებ ისაუბრა და კომიტეტს ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანისთვის მადლობა გადაუხადა.
შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც და პუტინი ომის კრიმინალად მოიხსენია.
"ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. ომის დამნაშავე პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს გააკეთა ომის კრიმინალმა პუტინმა და არ ყოფილა შთაგონებული რამე სხვა ალიანსის მიერ. მე მოვინახულე ქართული ქალაქი გორი, ჩემი თვალით ვნახე პუტინის უკანონო ძალები. მე ასევე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი დედაქალაქ თბილისში ვიზიტით, როგორი შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს იქ", - განაცხადა კონგრესმენმა.
უილსონმა რუსულ კანონზეც გაამახვილა ყურადღება და მას რუსული სტილის ორაზროვანი კანონი უწოდა.
"მე მყავს 4 ვაჟი, რომლებიც ოკეანის გადაღმა მსახურობდნენ ქართველ სამხედროებთან ერთად. აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან გამბედავები და მოქნილები არიან. ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის უფლებას იძლევა. სამწუხაროდ, პუტინის უცხოელი აგენტის კანონი თავდაპირველად მიღებული იყო იმისთვის, რომ შეეზღუდათ რუსი ხალხი. ომის კრიმინალი პუტინი არეკლამებს ამ ღალატს, პარალელურად, ცდილობს დანგრეული საბჭოთა კავშირის აღდგენას, რათა ისარგებლონ ოლიგარქებმა", - განაცხადა უილსონმა.
კონგრესმენის თქმით, MEGOBARI Act იმ მეგობრული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი, რომელსაც აშშ საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანია ინარჩუნებს.
"აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავდროულად, ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ ხედვას საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის მიმართ. ეს კანონპროექტი ასევე მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მომავალი ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება", - აღნიშნა უილსონმა.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა ორპარტიულია, და ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია MEGOBARI Act არჩევნებამდე, რომელიც "საქართველოს მომავალს გადაწყვეტს", კანონად იქცეს.
"დღეს უფრო მეტად, ვიდრე, ოდესმე მნიშვნელოვანია ძლიერი გზავნილის გაგზავნა ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად და მინდა, რომ ყველა ქართველმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი ქვეყნის სუვერენიტეტს. ომის დამნაშავე პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია ოლიგარქებისთვის", - თქვა უილსონმა.