
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას გადაცემა ხალთან ერთად კითხვებს საპატიმროდან უპასუხა.
ფორმულამ მას კითხვებით 15 სექტემბერს მიმართა - ერთი დღით ადრე, სანამ მას ციხეში პაემნები, ზარები, წერილების გამოგზავნა შეუზღუდეს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკავებით მარცხი აღიარა და აჩვენა, რომ ხალხის თამაშის წესებს არ მიიღებს.
"მე ოთხ ოქტომბერზე All in-ს შევედი, ივანიშვილმა ჩახედა მის კარტებს და მიხვდა, რომ ხელში ხიშტი უჭირავს, შესაბამისად, ადგა და გაიქცა. მან მარცხი აღიარა, ჩემი დაკავებით აჩვენა, რომ ხალხის თამაშის წესებს არ მიიღებს. ეგ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც უპირობოდ აგებს", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ერთ-ერთი კითხვა ეხება ლევან ხაბეიშვილის სმარტფონს, რომელიც გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ გახსნა - კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია ინახება ამ სმარტფონში, რომელიც სუს-ის თანამშრომლებმა ლევან ხაბეიშვილს გამოგლიჯეს, ის ამბობს:
"ეგ სმარტფონი განვადებით ვიყიდე, მხოლოდ ამის გამო ვებღაუჭებოდი. გამიხარდება, თუ გახსნიან, წაიკითხავენ და მიხვდებიან, 100-0 აგებენ", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაანეიტრალა თუ არა ქართულმა ოცნებამ ლევან ხაბეიშვილის დაკავებით საკუთარი გუნდიდან ინფორმაციების გაჟონვის საფრთხე - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ "რეალურად, ინფორმაციები არსებობს, მაგრამ ეს არა - ძველებიდან, არამედ მამუკა მდინარაძის გარემოცვიდან ჟონავს".
"მდინარაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს ნებისმიერ რამეს დააჯერებენ. თავად შეთხზეს, თავად დაიჯერეს და თავად აჭმევენ ივანიშვილს ტყუილებს. წარმოგიდგენიათ, მე, გრიგოლი, ღარიბა და გომელაური ერთად?! რეალურად, ინფორმაციები არსებობს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ეს არა - ძველებიდან, არამედ მდინარაძის გარემოცვიდან ჟონავს", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, "არანაირი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, რომ ხალხმა დაიჯეროს გამარჯვების".
"ივანიშვილმა ხომ დაიჯერა მარცხის?! ჰოდა, რას ველოდებით?! ავდგეთ და გავიმარჯვოთ!", - წერს ის.
ლევან ხაბეიშვილს ასევე ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა 4 ოქტომბრამდე დაკავებების მორიგი სერია, რაზეც ის ამბობს, რომ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღაირბაშვილს და სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს დააკავებენ, შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურს კი, მისი თქმით, - "აქვს გამოძრომის შანსი".
"როგორ ცხვრებივით შედიან ციხეში! როგორ არავის არ აღმოაჩნდა მინიმალური გამბედაობა საკუთარი თავი და ოჯახი დაეცვა?! გაოცებული ვარ, ხმას რომ არ იღებენ. ღარიბაშვილსაც დაიჭერენ და ლილუაშვილსაც, გომელაურს აქვს გამოძრომის შანსი. მარკესის პატრიარქის შემოდგომაში კარგად არის აღწერილი, გენერალი ექვს გენერალს ვახშამზე იწვევს, უმასპინძლდება და ღამე ყველას სისხლში ჩაახრჩობს ერთადერთი მიზეზით: შიში", - წერს ის.
ლევან ხაბეიშვილს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზეც ჰკითხეს, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდისტუი არხები "ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობად" აფასებენ. ის ამბობს, რომ "ეს პროპაგანდაც ახლა მხოლოდ ბიძინას აჯერებს მისივე შიშებს".
"ივანიშვილს სტრატეგია აღარ აქვს, აკი გითხარით, რომ მან კაპიტულაცია გამოაცხადა. ეგ პროპაგანდაც ახლა უკვე მხოლოდ ბიძინას აჯერებს მისივე შიშებს და მდინარაძე ამ ფონზე უმტკიცებს, რომ საჭირო კაცია. არ მენახოს მაინც მისი შეშინებული და მხდალი ხასიათი", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
საპატიმროში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში მყოფ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სინდისის პატიმრებს მიმართა და ყველას თავისუფლება უსურვა.
ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, ის ამბობს: "არჩევნებში - რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეებისთვის კი ერთი პასუხი მაქვს: ეჰ...".
კითხვაზე, ისევ ძალაში არის თუ არა სლოგანი - "4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ?", ლევან ხაბეიშვილი ამბობს:
"ისევ? ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ! "თანამედროვეობის დიდგორია". ბო-ლო-მდე!!! (ბატონი პაატა ბურჭულაძის ხმით)", - წერს ის წერილში.
წერილის ბოლოს, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას მიმართავს:
"ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, ჩემი ჯანმრთელობა: თვალი, ცხვირი, თავი და ჩემი თავისუფლება საკუთარ ტყავთან ერთად ჩამოვედი სამშობლოსთვის ბრძოლაში. ამაყი ვარ, რომ გემსახურებით, მოგემსახურებით და ერთად გავიმარჯვებთ!
უკიდურესად მჯერა ქართველი ხალხის სიმტკიცის, დაიცავით საქართველოს დროშა, ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - წერს ის.