ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მისი მომდევნო წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურა მას ბრალად სდებს - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას.

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს თბილისში დააკავეს. ის, ამ დროისთვის, დუმილის უფლებას იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი 2021 წლის 17 აგვისტოსაც დააკავეს - მაშინ მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ზურაბ ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.

იმავე წლის 4 დეკემბერს ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.