
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის შეფასება ქართული ოცნების მიმართ კვლავ უცვლელია.
ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართა.
კერძოდ, საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ 14 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა: "ჩვენი პოლიტიკა და პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი – ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება".
ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს წერილობით სთხოვა, განემარტა, თუ რა გზამკვლევს ითხოვს ქართული ოცნების პრემიერი, იმ დროს, როდესაც აშშ-მა უკვე განუმარტა ქართულ ოცნებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან.
საპასუხო წერილში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი წერს:
"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის.
აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.
რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულვებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი
ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი", - ვკითხულობთ პასუხში.