
კახა კალაძე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ UFC-ის მებრძოლი და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეგობარი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში ნაჩუქარი ფერარით, მაღალი სიჩქარით გადაადგილდება.
იგი ამტკიცებს, რომ მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მას "ოცნების" პოლიცია დააჯარიმებს.
კალაძე ასევე ირწმუნება, რომ ჩიმაევისთვის ფერარი მას არ უჩუქებია და ეს საბა მიქავამ, ავტოსალონ „ფორცა თბილისის“ მფლობელმა გააკეთა.
„ვინ არის პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილი ვიცით რას წარმოადგენს, აკაცუკების ერთ-ერთი წარმომადგენელია. თუ ხამზატმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს.
რაც შეეხება „ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიქავა, რომელიც ავტოსალონ „ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათაშორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი „ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, კადიროვის მეგობარ ხამზატ ჩიმაევთან დიდი ხანია მეგობრობს.
„ხამზატთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ის წარმატებული სპორტსმენია, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ამჯერად, თბილისშიც იყო, სხვადასხვა რეგიონშიც. მასაც უყვარს ქართველები, აქაურობა. ბევრი მეგობარი ჰყავს აქ და ხშირად სტუმრობს საქართველოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.