
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით Foreign Policy-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ცვლილებების მხოლოდ ორი სცენარია: არჩევნები, ან პროტესტი ქუჩაში მანამ, სანამ არჩევნებამდე არ მიაღწევ.
ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს ასევე მოუწოდა, მეტი მორალური მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოში არსებულ პროტესტს.
"ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი სცენარი: არჩევნები, და ქუჩის პროტესტი, რომელიც არჩევნებამდე გრძელდება. სხვა ალტერნატივა არის რაიმე სახის აჯანყება, რაც საქართველოს ტრადიციაში არ არის.
მაგრამ წინააღმდეგობა აუცილებელია. ამ წინააღმდეგობას კი გარედან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ეს არსებითად მორალური მხარდაჭერაა, რადგან სხვა რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა დღეს?
ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც საქართველოს ებრძვის ჰიბრიდული იარაღებითა და რბილი ძალით.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა აწუხებდეთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ამოწმებს, რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, არის ნაზავი - ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ფული, რათა ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ", - ამბობს ზურაბიშვილი.