პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და "ქართული ოცნების" დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ზვიადაურმა უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნებთან ერთად, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

"ოცნების" ყოფილ დეპუტატს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

"საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის ,,WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერს პროკურატურა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს თბილისში დააკავეს. იგი, ამ დროისთვის, დუმილის უფლებას იყენებს.

სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოსაც დაიჭირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.

იმავე წლის 4 დეკემბერს კი ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.