ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა ხვალ, მესამე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტს საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.
კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებთან გასულ კვირას გამართულ შეხვედრებზე "4 საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც ევროკომისიას პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე სურს".
"საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან.
სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღეს ამ კანონპროექტს, რომელიც ე.წ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.
ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების, თუ სხვა უცხოელი [პოლიტიკოსების] მიერ", - თქვა კობახიძემ.
***
14 სექტემბერს EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
დოკუმენტი, რომელიც საჯარო არაა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.
15 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ვროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს.
ამასთან, ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.